ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და დაბინძურება საქართველოში

ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და დაბინძურება საქართველოში

ლია დვალიშვილი, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი

საზოგადოების განვითარების თანამედროვე ეტაპზე, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების, ეკოლოგიური კატაკლიზმების გაღრმავების კვალობაზე, სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემები. შესაბამისად, თანამედროვე მსოფლიოს ყველა ქვეყნის განვითარების უმთავრესი პირობა ხდება სამყაროზე მისი გავლენის შეფასებისა და მასზე ადეკვატური რეაგირების პოლიტიკის შემუშავება.
მარტივი ჭეშმარიტებაა, ადამიანის არსებობისთვის საჭიროა ისეთი გარემო, სადაც იქნება სუფთა ჰაერი, წყალი, ჯანსაღი კლიმატი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატისტიკური განყოფილების მიერ შემუშავებული ჩარჩო-რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების მიხედვით განსაზღვრულ 12 ძირითად მიმართულებას შორის, რომელიც გარემოსდაცვითი სტატისტიკის მთავარ სფეროებს ასახავს, ერთ-ერთ მიმართულებად ჰაერის ხარისხი განისაზღვრა.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გარემოსდაცვითი და სოციალური პრობლემაა მსოფლიოში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ურბანულ გარემოში მცხოვრები ყოველი 10 ადამიანიდან 9 დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჰაერის დაბინძურება თითქმის ყველა ქვეყნისთვის გამოწვევაა.
ცხოვრების მაღალი ხარისხი დამოკიდებულია ჰაერის მაღალ ხარისხზე. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ პერიოდში, როცა მოსახლეობის მკვეთრი ზრდა, ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ემისიების ზრდასთან ერთად, პირდაპირ უკავშირდება ჰაერის ხარისხის გაუარესებას.
თანამედროვე მსოფლიოში საწვავის წვას ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ჰაერის დაბინძურებაში. წამყვან დამბინძურებელთა შორისაა ენერგეტიკული ობიექტები, სატრანსპორტო სექტორი და სოფლის მეურნეობა. მსოფლიოს დიდ ქალაქებში ყველა სახის ტოქსიკური ნაერთების ჯამური რაოდენობის 40-60% საავტომობილო ტრანსპორტზე მოდის. გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედების დანარჩენ სახეებს შორისაა: დაბინძურება საშიში ნარჩენებით, ელექტრომაგნიტური ველებისა და გამოსხივების ზემოქმედება, ბიოლოგიური ზემოქმედება და სხვა. ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ანთროპოგენური წყაროების გარდა არსებობს დაბინძურების ბუნებრივი წყაროებიც. აქ აღსანიშნავია ტყის ხანძრები, ვულკანური ამოფრქვევები, კოსმოსური მტვერი და სხვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჰაერის დაბინძურება არ არის ახალი გარემოსდაცვითი პრობლემა, ის ათასწლეულებია, რაც მიმდინარეობს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ცეცხლი გამოიყენებოდა საკვების მოსამზადებლად და სათბობად. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით საშიში სწორედ ინდუსტრიული რევოლუციის დროიდან გახდა, რადგან წიაღისეული საწვავის მასიურმა გამოყენებამ და მსხვილი სამრეწველო ობიექტების შექმნამ გამოიწვია ატმოსფერული ჰაერის მნიშვნელოვანი დაბინძურება .
ზოგადად, წვის პროცესები ატმოსფერული ჰაერის ერთ-ერთი უმთავრესი დამბინძურებელია ისეთი მავნე ნივთიერებებით, როგორიცაა ნახშირბადის მონოოქსიდი, აზოტისა და გოგირდის ოქსიდები, მყარი ნაწილაკები და სხვა. ეს ნივთიერებები უარყოფითად ზემოქმედებს არამარტო ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ ეკოსისტემებსა და მატერიალურ ფასეულობებზე.
ადამიანის მხრიდან გარემოზე უკონტროლო ზემოქმედების მიზანი, მასზე მორგებული და მისი ინტერესების შესაბამისი ქმედებებების განხორციელებაა მათივე კეთილდღეობისთვის, შედეგი კი მთელი რიგი საშიში და შეუქცევადი პროცესების ამოქმედება.
ჰაერის დაბინძურება გაცილებით ნაკლებად ცნობილი თემაა საზოგადოებისთვის, ვიდრე წყლის დაბინძურება. ბევრი ადამიანი არ არის ინფორმირებული იმ ჰაერის ხარისხის შესახებ, რასაც სუნთქავს.
დაბინძურებული ჰაერი არის მთავარი და ხშირად უხილავი მკვლელი, რომელსაც მსოფლიოში ყოველი მეცხრე გარდაცვალება უკავშირდება. მათ შორის ფილტვის კიბოთი სიკვდილიანობის – 36, ინსულტის – 34, გულის დაავადებების – 27 და ფილტვის ქრონიკული დაავადებების – 35 პროცენტი. სიკვდილის გამომწვევ რისკფაქტორებს შორის დაბინძურებულ ჰაერს რიგით მეოთხე ადგილი უჭირავს. ყოველწლიურად მსოფლიოში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით 7 მილიონი ადამიანი იღუპება.
ჰაერის დაბინძურება საფრთხეს წარმოადგენს მდგრადი განვითარებისთვის, რადგან იგი ერთდროულად გავლენას ახდენს სხვადასხვა სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებზე, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის სამართლიან განვითარებასთან, როგორიცაა ჯანმრთელი ცხოვრება, კვების უსაფრთხოება, გენდერული თანასწორობა, კლიმატის სტაბილურობა და სიღარიბის შემცირება.
ჰაერის ხარისხი და კლიმატის ცვლილება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. სექტორები, რომლებსაც სათბურის აირების ემისიებში შეაქვთ ყველაზე დიდი წვლილი, ჰაერის დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროებიცაა და შესაბამისი ძალისხმევით ორივე პრობლემის ერთდროულად მოგვარებაა შესაძლებელი.
ენერგიის მოხმარებას, ნარჩენების ზრდას, ახალი სამრეწველო ტექნოლოგიების შექმნას და არასწორად წარმოებულ სოფლის მეურნეობას თან ახლავს სხვადასხვა ნივთიერებების და მათ შორის სათბურის გაზების გაფრქვევა ატმოსფეროში, რაც არის გლობალური დათბობისა და წლების მანძილზე ჩამოყალიბებული გლობალური კლიმატისა და კლიმატური ზონების ცვლილების ძირითადი მიზეზი. გლობალური დათბობა დედამიწაზე და მის ატმოსფეროში მიმდინარე პროცესია, კლიმატის ცვლილება კი ამ დათბობის შედეგი. ნიშანდობლივია, რომ „სათბურის ეფექტით“ გამოწვეული მავნე შედეგების ინტევსივობა ყოველწლიურად მატულობს, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის პრობლემის მოგვარების აუცილებლობას. ცხადია, არც საქართველოა გამონაკლისი და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული არასასურველი შედეგები მტკივნეულად აისახება ჩვენს ქვეყანაზეც. სათბურის გაზების ჭარბად დაგროვებას კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ სამრეწველო პროცესების სწრაფ განვითარებასა და მოსახლეობის ზრდასთან ერთად, დაიწყო ტყეებისა და ბიომრავალფეროვნების სხვა ელემენტების სწრაფი ტემპებითა და დიდი რაოდენობით მოხმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვას პროცესის გლობალურ ხასიათს.
კლიმატის ცვლილებასა და ჰაერის დაბინძურებასთან ერთობლივი ბრძოლისას გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: მაშინ, როდესაც სათბურის გაზების ემისიის შემცირებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასაც.
საქართველო, ისევე, როგორც მთლიანად თანამედროვე სამყარო, განვითარებისა და ტექნოლოგიური წინსვლის ფონზე უამრავი გარემოსდაცვითი პრობლემისა თუ გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ბოლო ათწლეულში კლიმატის ცვლილებამ, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ის ეკოლოგიური გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ.
საქართველოში ჰაერის ხარისხიანობას დიდწილად განაპირობებს სატრანსპორტო სექტორი, ელექტროენერგიის წარმოება, სამშენებლო სექტორი, ცემენტის წარმოება, სამთო მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მუნიციპალური და სოფლის მეურნეობის ნარჩენების განთავსების არეალები. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში იზრდება ავტოტრანსპორტის და ენერგოსექტორის მიერ მოხმარებული საწვავის რაოდენობები და შესაბამისად იზრდება ამ სექტორებიდან მავნე ნივთიერებათა ატმოსფეროში გაფრქვევები. არსებული მონაცემების თანახმად, საქართველოს უმსხვილეს ქალაქებში, მსხვილ სამრეწველო ობიექტებსა და სამრეწველო ზონებთან მუდმივად მაღალია ჰაერის დაბინძურების დონე. ამის ძირითადი მიზეზი, ავტოტრანსპორტისა და მსხვილი სამრეწველო ობიექტების გამონაბოლქვის გარდა, მათ ტერიტორიებზე ე.წ. ,,მშენებლობის ბუმია“, რომლის დროსაც ჰაერში დიდი რაოდენობით მტვერი გაიფრქვევა. მიზეზთა შორის აღსანიშნავია ასევე მინერალური რესურსების, განსაკუთრებით კი მძიმე ლითონების მოპოვების შედეგად გარემოს დაბინძურება, რაც ზიანს აყენებს არა მარტო ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ ადგილობრივ ეკოსისტემებს და ტრანსსასაზრვრო ეფექტიც კი შეიძლება შეიძინინოს.
საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორიდან ჰაერის დაბინძურება სხვა სექტორების ფონზე შედარებით ნაკლები ხარისხობრივი გავლენით გამოირჩევა.
საყურადღებოა წარმოებისა და სხვა სახის ნარჩენებით(ყველა აგრეგატული მდგომარეობით) გარემოს დაბინძურება. იგი მოიცავს როგორც საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ასევე სახიფათო და აკუმულირებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვადაგასული სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატები, პესტიციდები, რომელთა ნარჩენები დიდი რაოდენობითაა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე საბჭოთა მემკვიდრეობიდან დარჩენილი. ნაგავსაყრელებზე ხშირად ხდება ნარჩენების ღიად წვა, რაც იწვევს ჰაერში მავნე დამბინძურებლების გაფრქვევას. ქვეყანაში არსებული მუნიციპალური ნარჩენების ძველი, ოფიციალური ნაგავსაყრელები არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და გარემოში დამაბინძურებელი ნივთიერებების ემისიების წყაროს წარმოადგენს. სპეციფიკური ნარჩენების არასწორი მართვა ხელს უწყობს ატმოსფერულ ჰაერში ტოქსიკური აირების ზრდას. მნიშვნელოვანია, ე.წ. კუდსაცავებში დაგროვილი ნარჩენებისა და ტოქსიკური ნაერთების გაუვნებელყოფისა და კონტროლის საკითხები. ნედლეულის გამოყენება პროდუქციის საწარმოებლად, მისი მოხმარება და არაგადამუშავებული ნარჩენების გარემოში ჩაშვება კომპლექსური პრობლემაა. ნარჩენების ზრდა რესურსებზე გაზრდილ მოთხოვნას და მისი მოპოვების გაძნელებას უკავშირდება.
ჰაერის დაბინძურების კუთხით ემისიებში ლიდერად სატრანსპორტო და ენერგოსექტორი მოიაზრება. რეგიონების მიხედვით ლიდერად კი მიჩნეულია იმერეთი თავისი მარგანეცით, ქვანახშირით, მეტალურგიული და ფეროშენადნობი ინდუსტრიით, შემდეგ ქვემო ქართლი, მისი სპილენძისა და ოქროს სამთო-მოპოვებითი მრეწველობით, მეტალურგიული, ქიმიური და ცემენტის წარმოებით.
ავტოტრანსპორტიდან გაფრქვევების დიდი მოცულობა განპირობებულია არამხოლოდ ავტომობილების რაოდენობით და მოძრაობის ინტენსივობით, არამედ საავტომობილო პარკის თავისებურებებითაც. მანქანების უმრავლესობა 10 წელზე მეტი ხნის არის. მათი ტექნიკური გაუმართაობა ზრდის გამონაბოლქვის სიდიდეს. ენერგოსექტორთან დაკავშირებული ემისიების მიმართებით აღსანიშნავია, რომ თბოელექტროსადგურს აქვს ძალიან სპეციფიკური ინფრასტრუქტურა და მახასიათებლები იმისათვის, რომ გარემოზე მაქსიმალურად შემცირებული ზემოქმედებით გამოიმუშავოს ელექტროენერგია. რადგან თბოელექტროსადგურები წიაღისეული საწვავის (ნავთობი, ნახშირი, ბუნებრივი აირი) წვით და სითბოს გამოყოფით წარმოქმნის ელექტროენერგიას, საყურადღებოა წვის პროცესების ჰაერის ხარისხზე გავლენის სისტემატური კონტროლი.
ჰაერის დაბინძურებაზე საუბრისას ძირითადად ატმოსფერულ ჰაერს, მისი დაბინძურების მიზეზებსა და შედეგებს განვიხილავთ, თუმცა შიდა ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზე არანაკლებ უარყოფით ზემოქმედებას ახდენს, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დროის 90 %-ს შენობებში ვატარებთ. შიდა ჰაერის დაბინძურების მინიმუმ სამოცი წყარო არსებობს. ამ წყაროებს შორის ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით აღსანიშნავია: სახიფათო ნივთიერებების შემცველი სამშენებლო მასალა, პესტიციდები და ქიმიკატები, რომლებიც გამოიყენება შენობების დასასუფთავებლად, კოღოებისა და მწერების საწინააღმდეგო საშუალებები, ადგილები, რომლებიც ქმნიან სველ, ტენიან გარემოს ობის წარმოქმნისთვის და სხვა.
ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი საფრთხეების გადასაჭრელად საქართველოს მთავრობა იყენებს მონიტორინგის სისტემას, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიღებული ინდიკატორული გაზომვის სტანდარტებზე. 2013 წლიდან გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო დაკვირვების ქსელის მოდერნიზაცია. 2016 წლიდან როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში დაიწყო არაავტომატური სადგურების შეცვლა თანამედროვე ავტომატური სადგურებით. ჰაერის ხარისხის ახალი ავტომატური მონიტორინგის ქსელი შექმნილია საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ზესტაფონი, ახალციხე, ხოლო ჰაერის ნიმუშების შედგენა ხდება კვარტალურად ქვეყნის 25 მუნიციპალიტეტში. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურები გაზომვისთვის იყენებს მაღალტექნოლოგიურ ნაწილაკთა სენსორებს. სხვადასხვა სტაციონარული სადგურებიდან ავტომატური კავშირისა და ინდიკატორული გაზომვების შედეგად მიღებული ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ მონაცემები თავს იყრის ერთ სივრცეში, პორტალზე – ,,Air.gov.ge”.
მნიშვნელოვანია, რომ ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოსთან (EEA) მუშაობის შედეგად საქართველოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონაცემების ნახვა უკვე ევროპულ პორტალზეც უწყვეტ რეჟიმშია შესაძლებელი.
ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების დონის გასაზომად საუკეთესო სტანდარტია ჰაერის ხარისხის ინდექსი – AQI. იგი გარე ჰაერის დაბინძურების საზომადაა მიჩნეული. ჰაერის ხარისხის ინტერაქტიული პლატფორმა ამოქმედდა მსოფლიო ურბანული ფორუმის მეათე სესიაზე აბუ-დაბისში, 2020 წლის თებერვალში. ჰაერის ხარისხის ინდექსი არის მაჩვენებელი, რომლის საშუალებითაც ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის მდგომარეობასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მისი ზეგავლენის შესახებ განახლებული ინფორმაცია რეგულარულად (დროის მოკლე პერიოდში: ყოველ დღე, ყოველ საათში) მიეწოდება საზოგადოებას. რაც უფრო მაღალია ჰაერის ხარისხის ინდექსი, მით უფრო ნაკლებია ჰაერის ხარისხი და პირიქით. AQI-ს ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება : 0-დან -50 -მდე – კარგი; 51-დან-100 -მდე – ზომიერი; 101-დან-150-მდე მგრძობიარე ჯგუფებისთვის (ბავშვები, ქალები, გარეთ მომუშავე ადამიანები) – არაჯანსაღი; 151-დან-200 -მდე – არაჯანსაღი; 201-დან-300 -მდე – ძალიან არაჯანსაღი; 300-ზე მეტი – საშიში.
AQI ეფუძნება მყარი ნაწილაკების (PM2.5 და PM10), ოზონის (O3) , აზოტის დიოქსიდის (NO2), გოგირდის დიოქსიდის (SO2) და ნახშირბადის მონოოქსიდის (CO) ემისიების გაზომვას.
მტვრის მყარი ნაწილაკები ( PM2,5 და PM10) აღწერს წვრილ ნაწილაკებს, რომელთა დიამეტრი ჩვეულებრივ 2,5 და 10 მიკრომეტრია(მილიმეტრის მეათასედი ნაწილი). ჰაერში არსებული ეს ნაწილაკები შეიძლება წარმოადგენდეს მტვერს ან სხვა სახის მყარ ნაწილაკებს უმცირესი ზომის წვეთების ჩათვლით. მყარი ნაწილაკების წარმოქმნის წყაროა სამშენებლო პროცესები, სამრეწველო ობიექტები, დიზელის ძრავები, შეშის ღუმელები, ღია გრუნტი, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურები და უდაბნოს მტვერი. ჰაერში მყარი ნაწილაკების მაღალი კონცენტრაციის მანიშნებელია ნაცრისფერი ბურუსი, რაც ადვილად შესამჩნევია.
ოზონი(O3 ) მეორადი დამბინძურებელია, რომელიც ჰაერში პირდაპირ არ იფრქვევა. იგი წარმოიქმნება სხვა დამბინძურებლებზე მზის ფოტოქიმიური რეაქციის გზით. მისი წარმოშობის წყაროა სხვადასხა საქმიანობების შედეგად წარმოშობილი ემისიები. ოზონი გავლენას ახდენს მცენარეთა ზრდა-განვითარებაზე, ამცირებს მოსავლიანობას, ტყის სიჯანსაღეს და ზოგადად ბიომრავალფეროვნებას. ოზონი კლიმატის ცვლილებაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის ერთ-ერთი მთავარი სათბურის აირია.
აზოტის დიოქსიდი (NO2 ) ძირითადად საწვავის წვის შედეგად გაიფრქვევა, ხოლო გოგირდის დიოქსიდი ( SO2 ) წიაღისეული საწვავის( ქვანახშირი, ნავთობი და ა.შ) წვის შედეგად. ნახშირბადის მონოოქსიდის ( CO) წარმოშობის უმთავრესი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია. აზოტისა და გოგირდის ოქსიდებისაგან წარმოიქმნება ე.წ „მჟავური წვიმები“, რაც ბევრი რეგიონისთვის გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.
საქართველოში ჰაერის ხარისხის ინდექსი – AQI განისაზღვრება ზემოთხსენებული ექვსი ძირითადი დამბინძურებლის მონაცემების გაზომვისას და ასახავს მიმდინარე პერიოდში ჰაერის ხარისხის მდგომარეობას ავტომატური მონიტორინგის თითოეულ სადგურზე.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში ჰაერის ხარისხი საშუალოზე უკეთესია.
2022 წლის მონაცემების საფუძველზე საქართველოში ჰაერის ხარისხის ინდექსი (AQI) ზომიერი იყო, კერძოდ – 61, PM2,5 -ის კონცენტრაცია კი 3,4-ჯერ მაღალი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით გათვალისწინებულ სიდიდესთან შედარებით.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით საქართველოში ყოველწლიურად 3741 ადამიანი იღუპება ჰაერის დაბინძურების გამო.
2022 წლის მონაცემების საფუძველზე საქართველოს ყველაზე სუფთა ქალაქად მიჩნეული იყო ბათუმი ( AQI – 55), ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად კი რუსთავი ( AQI –81). 2023 წლის მონაცემების საფუძველზე ყველაზე სუფთა ქალაქი გახდა თბილისი ( AQI-58), დაბინძურებულ ქალაქად კი კვლავ რუსთავი იქნა მიჩნეული (AQI-76). აღსანიშნავია რუსთავში ჰაერის ხარისხის ოდნავ გაუმჯობესება ერთი წლის მანძილზე. ქვეყნის მასშტაბით, სუფთა ჰაერის კუთხით განსაკუთრებით გამოსაყოფია აბასთუმანი, სადაც ზღვარი ნორმაზე 50%-ით ნაკლებია.
2022 წელს ქვეყნების გლობალური დაბინძურების რეიტინგში საქართველოს 131 ქვეყანას შორის 61-ე პოზიცია ეკავა.
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაში ბუნებრივი წყაროების შედეგად წარმოშობილ მყარ ნაწილაკებს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია საჰარიდან, არაბეთის ნახევარკუნძულიდან და შუა აზიის უდაბნოებიდან პერიოდულად შემოჭრილი მტვრის მასები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ქვეყნის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, მათ შორის, თბილისში, რუსთავში და სხვა დიდ ქალაქებში, რომლებშიც ანთროპოგენური წყაროებიდან დაბინძურების დონეც საკმაოდ მაღალია.
ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული საფრთხეების უმთავრესი მიზეზი არის გამონაბოლქვი , მიუხედავად იმისა, თუ რომელ სეგმენტში წარმოიქმნება ის. პრობლემის მართვა მოითხოვს გარემოს დაცვის მართვის საუკეთესო უნარებს. საერთაშორისო ორგანიზაციების და ეროვნული მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკა, რეფორმები და მდგრადი ინიციატივები წარმოადგენს ქვაკუთხედს, ქვეყანა გახდეს უკეთესი, სუფთა, მწვანე. ბოლო წლების განმავლობაში, ეროვნული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარემოსდაცვითი სექტორის ღრმა რეორგანიზაცია დაიწყო 2011 წელს. შესაბამისად, ინოვაციებიც ჰაერის დაცვის სფეროში სათავეს ამ პერიოდიდან იღებს.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ ელექტრონული მანქანების გამოყენების წახალისება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და მოდერნიზაცია, ავტობუსების ,,პარკის განახლება და ეკოლოგიურად უფრო სუფთა ტექნიკაზე გადასვლა“, დედაქალაქის რეკრეაციული სივრცეების მდგრადი განვითარება, ნარჩენების მართვის სფეროში მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, სატრანსპორტო სექტორიდან გაფრქვევების რეგულირებასთან მიმართებით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შემოღება, რომელსაც 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წელით რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება, საწვავის ხარისხის გაუმჯობესება, გამონაბოლქვის ტოქსიკურობის შემცირების მიზნით, კერძოდ: საავტომობილო დიზელის საწვავის ხარისხის სტანდარტი გაუტოლდა EURO 4- ს და საავტომობილო ბენზინის საწვავის ხარისხის სტანდარტი EURO 5- ს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვა და მწვანე ბიზნესის ხელშეწყობა.
,,მწვანე“ ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობს თბილისის მერია, რომელმაც შეიმუშავა და განახორციელა „გარემოსდაცვითი სტრატეგია“ 2015-2020 , განხორციელების პროცესშია „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა“ 2017-2030.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაცვას ანთროპოგენური ზემოქმედებისაგან არეგულირებს საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ . თავდაპირველად ეს კანონი მიღებულ იქნა 1999 წელს. ამ პერიოდიდან 2022 წლამდე „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში 22 ცვლილებაა შესული. მათი დიდი ნაწილი ტექნიკური ხასიათისაა და ასახავს საქართველოს ხელისუფლებაში მომხდარ ინსტიტუციურ ცვლილებებს, თუმცა, პერიოდულად კანონში მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ცვლილებებიც შედიოდა. ბოლოდროინდელი ცვლილებები, ძირითადად, ჰაერდაცვითი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასა და მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის მცდელობაა.
მთავრობის 2022 წლის 7 სექტემბრის N 1629 განკარგულებით დამტკიცდა 2022-2026 წლების გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამა (NEAP-4), რომელიც წარმოადგენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში ქვეყნის ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტს, განსაზღვრავს დარგის გრძელვადიან სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და შესაბამის სამოქმედო გეგმას. ამ პროგრამის შემუშავება განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობითა და ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე. პროგრამის მიხედვით მდგრადი განვითარების მიზნებისა და გარემოს დაცვის სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით გარემოს დაცვის სფეროში განისაზღვრა შემდეგი გრძელვადიანი ხედვა: ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ბუნებრივი ეკოსისტემისთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარება მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით.
აღნიშნული სამოქმედო პროგრამის მიხედვით ჰაერის დაცვის სფეროში, არსებული გამოწვევების გადაჭრის მიზნით განისაზღვრა ერთი მთავარი მიზანი: საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სუფთა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ჰაერის უზრუნველყოფა ( მიზანი 7).
აღნიშნული მიზნის შესაბამისად, სამოქმედო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები, განსახორციელებელი რჩება ნაწილი ღონისძიებებისა.
საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების რისკის შემცირების მთავარ ინსტრუმენტს. ამ შეთანხმების თანახმად, ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში ევროკავშირის ხუთი დირექტივით განსაზღვრულ დებულებებთან ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა სრულად თანხვედრაში უნდა იყოს.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ნარჩენების სფეროში ევროკავშირის დირექტივების სავალდებულო დებულებებს საქართველომ დადგენილ ვადებში ეტაპობრივად უნდა დაუაახლოოს თავისი კანონმდებლობა.
საქართველოს ნარჩენების მართვის სფეროში გააჩნია საერთაშორისო ვალდებულებებიც. კერძოდ, საქართველო არის „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“ ბაზელის კონვენციის მხარე.
თანამედროვე ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის 2022-2026 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად (მიზანი 9).
ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა სახელმწიფოსთან ერთად ყველა მოქალაქის ინდივიდუალური პასუხისმგებლობაცაა. თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ქმედებით, ქმედებისგან თავის არიდებითა თუ ქცევის ცვლილებით შეგვიძლია შევიტანოთ ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლაში.
ბოლო წლებში, ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით, მთავრობის მხრიდან არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკული ღონისძიებების გატარების მიმართულებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქსელის გაფართოება. თუმცა, დღესდღეობით ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებადი ატმოფერული ჰაერის მონიტორინგის სადგურები არასაკმარისია. საქართველოს ტერიტორიის ფართობის იდენტურია ჩეხეთი, სადაც 200 ავტომატური სადგური ფუნქციონირებს, 14-ჯერ მეტი, ვიდრე ჩვენთან.
მართალია დედაქალაქის რეკრეაციული სივრცეების მდგრადი განვითარებით ხელი ეწყობა მშენებლობის თუ ქალაქისთვის დამახასიათებელი სხვადასხვაგვარი დამაბინძურებელი წყაროებიდან მომდინარე რისკების შემცირებას, თუმცა, რეკრეაციული სივრცეები, ეკონომიკური განვითარების დონის მიუხედავად ერთნაირად საჭიროა საქართველოს დანარჩენი ქალაქებისთვისაც, რადგან დამაბინძურებელი, მომწამლავი ნივთიერებებისაგან თავის დაცვა ერთნაირად სჭირდება ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. სპეციალისტთა აზრით, ერთ სულ მოსახლეზე 15 კვ.მ და მეტი გამწვანება უნდა მოდიოდეს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ცალკე აღებული თითოეული ქვეყნის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, სუფთა ჰაერის ხარისხის შესახებ მოაზრებულ ღონისძიებებს შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის მასშტაბით ტყის რესურსების მარაგს, რადგან იგი უზრუნველყოფს ჰაერის ხარისხის მაღალი დონით შენარჩუნებას.
არსებული მონაცემების მიხედვით სახელმწიფო ტყის ფონდს თავის უჩვეულო განლაგებით ქვეყნის ტერიტორიის 40% უჭირავს . მისი 97% თავმოყრილია კავკასიონის მცირე და დიდ ქედებზე, დანარჩენი კი აღმოსავლეთ საქართველოსა და კოლხეთის დაბლობზე.
თანამედროვე ეტაპზე არსებული კლიმატური ცვლილებების ფონზე ტყის რესურსების მოვლის თვალსაზრისით ქვეყანაში არასახარბიელო მდგომარეობაა. მკვეთრად შესამჩვევი გახდა ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუარესება , ტყის არასათანადო მართვა. ბევრი რეგიონი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა.
ქვეყნის მასშტაბით ტყის ეკოსისტემის მკაცრი დაზიანების მიზეზი ადამიანის არასწორი სამეურნეო მოქმედების შედეგად მისი უკანონო და უკონტროლო მოპოვებაა.მაგრამ დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან ძნელია სხვადასხვა მიმართულებით ტყის გამოყენებაზე რადიკალური უარის თქმა, რადგან საოჯახო მეურნეობების უმეტესი ნაწილი მას იყენებს გასათბობად და საჭმლის მოსამზადებლად.
ტყის მართვის სამართლებრივ საფუძველს ქმნის კანონი „ტყის კოდექსი“, რომელიც ეფუძნება ტყის მდგრადი მართვის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებსა და თანამედროვე მიდგომებს.ტყის დაცვა ღონისძიებათა ვრცელ სისტემას მოიცავს. ტყის მოვლის უმთავრესი მიზანი ჰაერის ხარისხთან მიმართებით მისი ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება და გაუმჯობესებაა.
ტყის მდგრადი მართვის მიდგომების დანერგვის ვალდებულება საქართველომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებითაც აიღო, რომლის თანახმად საჭიროა ტყის საფარის დაცვა, უკანონო ჭრებისა და მასთან დაკავშირებული ვაჭრობის აღკვეთის ღონისძიებების გატარება.
საქართველოს, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრს, აღებული აქვს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ვალდებულებაც, რაც სხვა მრავალ საკითხთან ერთად, მოიცავს ტყის მდგრად მართვას, ტყის საფარის ზრდას და დეგრადირებული ტყეების აღდგენას 2030 წლისათვის (მიზანი 15).
ჰაერის დაცვასთან დაკავშირებული მიზნები არის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ პრიორიტეტებს შორის. გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის მწვანე ეკონომიკური ინიციატივის შესაბამისად, მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, მდგრად განვითარებაზე დაფუძნებული ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენება კი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ამ პროცესში სხვა ქვეყნებთან ერთად ჩართულია საქართველოც.
ატმოსფერულ დაბინძურებას საზღვრები არ გააჩნია. შექმნილი მდგომარების გაუმჯობესების მიზნით საკმარისი არ არის ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებელ, სტაბილურ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე იზრუნოს. აქ საჭიროა ყველა სახელმწიფოს ჩართულობა, რადგან ბუნებათსარგებლობის გლობალური ხასიათი ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაში ითხოვს სახელმწიფოთა მხრიდან ერთობლივ მოქმედებას. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბევრ ევროპულ ქვეყანაში მიმდინარეობს გაფართოებული ეკოლოგიზაცია, იქმნება კვლევითი ცენტრები, მზადდება სამევნიერო- ტექნიკური პროგრამები, რომლებიც გამიზნულია ეკოლოგიური ინოვაციური ტექნოლოგიების მხარდასაჭერად, გარემოს მდგრადი მდგომარეობის უზრუნველსაყოფად. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ცდილობს 2030 წლისათვის გახდეს ნულოვანი გამონაბოლქვის სამრეწველო ქვეყანა. სასურველია ჩვენმა ქვეყანამ გაიზიაროს იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც თავიანთ შრომასა და ძალისხმევას ანდომებენ მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას ქვეყანაში.
ჰაერის დაბინძურების პრობლემა არცერთ ქვეყანაში არ არის ბოლომდე მოგვარებული, თუმცა ევროპის ბევრ ქვეყანაში, აშშ-ში, კანადასა და იაპონიაში მკაცრი პოლიტიკის, რეგულაციებისა და რეგულარული მონიტორინგის სისტემების დანერგვამ მნიშვნელოვნად შეამცირა ემისიები და დამბინძურებლების კონცენტრაცია ჰაერში. ბევრ ქვეყანაში ჰაერის ხარისხი ეკონომიკური განვითარების და სიმდიდრის ზრდის პარალელურად მოხდა, რაც ნიშნავს, რომ ჰაერის დაბინძურების შემცირებაზე ზრუნვა არ აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მინიმუმამდე შემცირების მიზნით საჭიროდ მიგვაჩნია:
განახლებადი, ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება, რაც ძირეულად შეამცირებს ენერგორესურსების მოხმარებას და მასთან დაკავშირებულ ემისიებს.
ავტომობილების გამონაბოლქვის ნორმების ეტაპობრივი გამკაცრება და მათი კონტროლი.
საწარმოებში, ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების თვითმონიტორინგის სისტემის, ასევე , ფილტრების(გამწმენდი მოწყობილობების) არსებობა. გარდა ამისა, რესურსდამზოგველი და ნაკლებნარჩენიანი ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების დანერგვა, პროდუქციის არამიზნობრივად გამოყენების და მისი ნარჩენებად ქცევის მაქსიმალურად შემცირების მიზნით. ნარჩენების გადამუშავების და მისი ხელახლა გამოყენების ოპტიმალური გზების ძიება, რაც ჰარმონიულად ერწყმის წრიული ეკონომიკის პრინციპს.
ნარჩენების პრობლემის გადაჭრა ისეთი პოლიტიკისა და პრაქტიკის დანერგვით, რომელიც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ნარჩენების წარმოშობის თავიდან აცილებას და შემცირებას, მეორე მხრივ, ნარჩენების გაცალკავებულად შეგროვებას, ხელმეორედ გამოყენებას და რეციკლირებას, რაც ქმნის ახალ ინოვაციურ ბიზნეს შესაძლებლობებს.
ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით ინფრასტრუქტურის განვითარება, უმთავრესად , მონიტორინგის სისტემის დანერგვა ქვეყნის იმ ქალაქებსა და რეგიონებში, სადაც არსებობს დაბინძურების მაღალი რისკები.
მტვრის გავრცელების მინიმიზაციის მიზნით გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების უზრუნველყოფა.
შეიქმას ევროპული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ჰაერის დაცვის განსხვავებული – ინტეგრირებული მიდგომა , რაც ემყარება კონკრეტულ რეგიონში ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების იმგვარად გატარებას, რომ ის არ იწვევდეს ჰაერის დაბინძურების ზრდას სხვა რეგიონში.
ყოველივე ეს შესაძლებელი იქნება ქვეყანაში ინოვაციური ეკონომიკის გაძლიერებისა და მის ფარგლებში „მწვანე“ და “წრიული“ ეკონომიკის ფორმირებისა და განვითარების შედეგად.

 

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…